„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ „პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში რომ შედის, მზად არის ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი“.
„ქართული ოცნება“ პატრიოტიზმზე გველაპარაკება, არ ხართ თქვენ ბატონებო პატრიოტები. პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს, თავისად აღიქვამს. პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში რომ შედის, მზად არის ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი. პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა, რომ სასამართლო უნდა იყოს ხალხის ნების გამომხატველი. იძახიან, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათენდა ეს დედააფეთქებული გვირაბი. სასამართლო, კანონი, სამართალი მოქალაქეების ნების, მათი არჩევანის პატივისცემა, აი, რა გვჭირდება ჩვენ. ვინც დღეს აქ შეიკრიბა, ბატონო ხელისუფლება, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადით არის ყველა, იცავენ წესებს, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, არჩევნები რომ არ უნდა გააყალბო? ვერც ერთი პარტია და ვერც მათი ერთობა ვერაფერს შეძლებს, თქვენ თუ არ დადექით მტკიცედ. არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე იმიტომ, რომ სახლში მისასვლელები ვართ, შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, ან ისეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 1988-1989 წლებში მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით“, – განაცხადა ვაშაძემ.