„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ კვირიანი მასკარადი ვითომ და მათ კონსტრუქციულ გეგმებზე“_ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მიერ „დოიჩე ველესთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ვაშაძემ პრეზიდენტის უფლებამოსილებებზეც ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ ქვეყნის განვითარების ნაცვლად, არეულობის დაწყებას აპირებს.
„მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დაანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორებისა და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება.
ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას არამედ 100 000 კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას გვპირდება“,_აცხადებს კალაძე.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ქართველ ხალხზე შურისძიება, თუმცა, „ქართული ოცნება“ არის იმის გარანტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება და მას საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს.
„ყველასათვის ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობის გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა. რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში.
დარწმუნებულები ვართ რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს 7 ნოემბრის ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართველ ხალხთან ერტად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს გახორციელდება ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეული ჩვენი ქვეყნის მომაქალაქეს“,_განაცხადა კალაძემ.