საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუდაურთან დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ“, – აცხადებენ უწყებაში.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.