„ხუთი წლის ვიყავი, აფხაზეთი რომ დავტოვეთ… მახსოვს „სირენების“ გაბმული ხმა და გაქცევა, ოღონდ არ ვიცოდით, სად მივრბოდით. მერე მამისგან გავიგე, რომ რამდენიმე დღით ზუგდიდიში ჩავიდოდით და მალე ისევ აფხაზეთში დავბრუნდებოდით. თუმცა, ეს დრო უსაშველოდ გაიწელა. მერე მამას ხშირად გაგადავყავდი აფხაზეთში და მიხსნიდა, რომ მშობლიური მიწა არ უნდა დამვიწყებოდა. ერთხელ, ზემო ბარღებიდან გადაპარვის დროს, მავთულხლართებში გავიჭედეთ. ნაიარევი ახლაც მაქვს სახეზე… გულშიც და სახეზეც – ეს ყველა აფხაზეთის იარაა, რომელიც მუდამ შემახსენებს, რომ იქ უნდა დავბრუნდეთ “- ამბობს „გურია ნიუსთან“ ახალგაზრდა ავტორი, ნიჭიერი მწერალი ირაკლი შამათავა, რომლის მორიგი წიგნის „გამშვები პუნქტის“ პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება.
როგორც ავტორი ამბობს, წიგნი ორენოვანია,რომლის რედაქტორიც, ნინო სადღობელაშვილია.
მასში შემავალი ექვსი მოთხრობიდან ორი _ „გამშვები პუნქტი“ და „დაკარგული სამოთხის ძიებაში“ ომის თემატიკაზეა.
დღეს ამ ნოველებს ფართო აუდიტორია იხილავს.
_განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩემ გვერდით იქნებიან უფროსი ხელოვანი მეგობრები: დავით ბაძაღუა, ლალი თავართქილაძე და სხვები, რომლებიც ჩემთვის სტიმულს და ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენენ. ისევე, როგორც მე უნდა ვიქნე გზამკვლევი, ე.წ. გამშვები პუნქტი იმ მომავალი თაობისა, რომელიც ჩვენს უკან მოდის და ყოველგვარ მავთულხლართებში გახლართვის და იარების გარეშე აუცილებლად დაბრუნდება აფხაზეთში, – ამბობს ირაკლი შამათავა.
32 წლის ახალგაზრდა მწერალი, ამ წიგნის გარდა, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგება, 4 პროზაული კრებულის ავტორია და არის შვიდი ლიტერატურული პრემიის მფლობელი. არის ლიცენზირებული ადვოკატი და მუშაობს თბილისის საკრებულოში.
მიუხედავდ ლიტერატურული და სამეცნიერო მუშაობისა თუ საჯარო სამსახურისა, მისი სანუკვარი ოცნება აფაზეთში დაბრუნება და ეს ყველანაირ სამსახურსა დამიღწევაზე აღმატებულია.
„გურია ნიუსი“ წარმატებულ პრეზენტაციას და სანუკვარი ოცნებების ასრულებას უსურვებს ირაკლი შამათავას.