ქუთაისის პარლამენტის შენობიდან ავტომსვლელობა დაიწყო, რომელიც გუმათისკენ, რიონის ხეობის მცველების სოლიდარობისთვის, ადგილზე უნდა მისულიყო, თუმცა აქციის მონაწილეები ამჟამად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილი, რადგან გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტილია, რომლის გამოც ქუთაისიდან მსვლელობის მონაწილეებს გზის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ.
როგორც აქციის მონაწილეები, ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი გუმათისკენ გზას ფეხით განაგრძობს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წუხელ, სოფელ გუმათში პოლიციამ ნამხვანჰესის მოწინააღმდეგეები დაარბია და რამდენიმე ადამიანი დააკავა.
„წავალთ გუმათისკენ, სადაც პოლიცია ახლაც უკანონოდ იქცევა და იქ შეკრებილ ადამიანებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ მთელი ქვეყანა გავიდეთ და ვანახოთ, რომ ეს ხალხი არ არის მარტო“ – განაცხადა აქციის ერთი-ერთმა ორგანიზატორმა, დავით კუხიანიძემ.
ცნობისთვის, რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა დატოვოს ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლოობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა, ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც აღმართა.