ლანჩხუთის „გურიამ“, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში არც თუ წარმატებულად გამოდის, გუნდის გაძლიერებას უცხოელი ლეგიონერების ხარჯზე ცდილობს. როგორც გაირკვა, უკვე დამატებულია ფრანგი და კამერუნელი მოთამაშეები _ 25 წლის მარჯვენა ნახევარმცველი ალიმა პასკალი და 24 წლის შუახაზელი ალექსანდრე ჰაპპი. ამ უკანასკნელს კამერნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია. ამ უცხოელ ფეხბურთელთა აგენტი „გურიას“ ყოფილი ლეგიონერი არნაუდ ჩუენსეა. მან ლანჩხუთურ კლუბში რამდენიმე სეზონი ჩაატარა, თუმცა, ტრამვის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა და ახლა აგენტის ფუნქციებს ასრულებს.
კლუბის მესვეურთა ინფორმაციით, სამომავლოდ გუნდში რადიკალური ზომებისა და ცვლილებების გატარება და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატება იგეგმება.
ცნობისთვის, „გურიას“ ამ დროისთვის მხოლოდ ორი მოგება აქვს და რადგან სეზონი მინუს სამი ქულით დაიწყო, გუნდის ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი ქულაა.