გურია გრანდიოზულ ფესტივალს უმასპინძლებს. ზაფხულში ლანჩხუთში ორდღიანი ფესტივალი იგეგმება. ორგანიზატორების განცხადებით, ივენთი ღია ცის ქვეშ გაიმართება და მასში მონაწილეობას ბენდები, დიჯეები, პერფორმერები, ინდივიდუალური შემსრულებლები, პოეტები მიიღებენ. მათივე თქმით, პროექტი თავისი ხასიათითა და მასშტაბით რეგიონისთვის უპრეცედენტოა.
ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი, მწერალი და პოეტი ჯერი ძუარია.
“ახალგაზრდობა დღეს სხვა სტანდარტს უკვეთავს და ჩვენც ვცდილობთ, რომ სწორედ ეს დაკვეთა შევასრულოთ. ოდაფესტი რამდენიმე მიმართულებას ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს. ასეთი მასშტაბის ფესტივალებს, ძირითადად, აქვთ ერთი მიმართულება აღებული, რაც საბოლოოდ გადატვირთვას იწვევს დამსწრე საზოგადოებისთვის. ჩვენ დავიჭირეთ ოქროს შუალედი, რომ არ გადაიტვირთონ ერთფეროვნებით ადამიანები და გაიხანგრძლივონ სიამოვნება. გათვლა გავაკეთეთ შემდეგი კრიტერიუმით – პოპულარობა + ხარისხი, ფესტივალის განმავლობაში თითოეული აღმოაჩენს თავის საყვარელ შემსრულებელს, მუსიკოსს, მწერალს”, _ ამბობს იდეის ავტორი.
მისივე თქმით, ფესტივალს აუცილებლად მიეცემა ტრადიციული სახე და გახდება ყოველწლიური, რადგან ეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია.
წყარო: asea.ge