ოზურგეთში, სოფელ შემოქმედის მკვიდრი, ქალბატონი შორენა სიმონიშვილი, ათეული წლებია, „გურია ნიუსის“ მკითხველია. ის ჩვენს იმ იშვიათ ხელმომწერთა რიცხვს ეკუთვნის, გაზეთის მიღებას შინ რომ არ ელოდება და ხშირად ჩამოდის რედაქციაში. საუბარს ყოველთვის საქვეყნო ამბებით იწყებს.
_დილა მშვიდობის! მიყვარს თქვენთან მოსვლა. ჩემი საყვარელი გაზეთია „გურია ნიუსი“. ვერავინ და ვერაფერი შემიცვლის მასზე აზრს. ამ გაზეთით, არა მარტო სიმართლე შეიძლება გაიგო ამ არეულ და უთვალავი ცრუ ინფორმაციის დროებაში, არამედ ადამიანი განათლებასაც მიიღებს! არ გაგიკვირდეთ, თქვენც უნდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. ეს საყოველთაო სიხარულია. არა მარტო მოსწავლეებს, რაღაცნაირად ყველას ახალი შემართება უჩნდება მომავალი კარგი საქმეების საკეთებლად, _გვითხრა მან და როგორც ჩვევია, გაზეთი მაშინვე გადაშალა, სათვალის გარეშეც კარგად გადაავლო თვალი. მერე ია მამალაძის ჯანმრთელობის ამბავი მოიკითხა: „გადაეცით, კიდევ და კიდევ უკეთ უნდა იყოო,“ _ დაგვიბარა და საჩქაროდ უკან, სოფელში გაეშურა, ავტობუსი გამასწრებს, მერე გვიანობამდე მომიწევს დაცდა, თორემ თქვენთან საუბარი არ მომწყინდებაო.
ჯანმრთელობას, ჩვეული განწყობით დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს მარადიულ მკითხველს, ფუსფუსა, ძალიან განათლებულ, სოფელზე, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ქალბატონ შორენას.
ავტორი