დღეს, „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას “ნატალია ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა _ რა მოხდა ოზურგეთის მერიაში”, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა ყველასთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, ლაშა თავაძეს საკრებულოს სხდომაზე მოსთხოვეს.
თავაძემ მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, შარაშენიძის ბრძანებაში, რომელიც ექსკლუზიურად გავავრცელეთ, გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს სხდომაზე თავაძემ დეპუტატებს ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდათ მათ აღნიშნული ბრძანების ასლი, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ ექსკლუზიურად „გურია ნიუსმა“ გაავრცელა.
ჩვენ ასევე პირველები ვწერდით ხომერიკის სავარაუდო შემცვლელზე.
ჩვენი წყარო აღნიშნავდა, რომ ამის მიზეზი წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება იყო:
_ არჩევნების წინ, შარაშენიძე ამ ადგილს ვოვა კუნჭულიას დაპირდა დახმარების სანაცვლოდ, თუმცა, ეს პირობა არ შეასრულა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ნატო ხომერიკი დანიშნა, დაპირება შეახსენეს და პასუხიც მოსთხოვეს. შარაშენიძემ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა, ხომერიკი დააქვეითა და ახლა სამსახურის უფროსად კუნჭულიას ნიშნავს, _ გვითხრა წყარომ.
ამ ინფორმაციის გადამოწმება “გურია ნიუსმა” კონსტანტინე შარაშენიძესთან და ვოვა კუნჭულიასთანაც სცადა, თუმცა, არცერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მოგვიანებით, კუნჭულიამ ჩვენს წერილს ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა და ჯანმრთელობის გაფრთხილება გვირჩია:
“კუნჭულიები ოჯახის წევრებს ადგილებს არ ართმევენ _ ცნობისთვის! და ძალიან გთხოვთ, კუნჭულიებს როცა ახსენებთ ხოლმე, ცოტა დაფიქრდით, რას ამბობთ და წერთ, ან ჯანმრთელობას მაინც გაუფრთხილდით, ტყუილად რომ არ ინერვიულოთ შემდეგ. ნატალია ხომერიკი არის ჩემი უსაყვარლესი ადამიანი თუ ძალიან გაინტერესებთ და ცემი ოჯახის წევრი. ასე რომ, დამშვიდდით, დაწყნარდით და იცხოვრეთ ამ ქვეყანაზე ბედნიერად, ჩემო კარგებო.
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!” _ წერს ვოვა კუნჭულია, რომელიც „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ პოსტი ჩვენ არ გვეძღვნებოდა:
_ თქვენ არ მიგულისხმიხართ და ნამდვილად არ დაგმუქრებივართ. ეს იმიტომ დავწერე, რომ არავინ ინერვიულოს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. ნამდვილად არ ვაპირებ მაგ ადგილზე მუშაობას და ამაზე საუბარი მერთან, არც არჩევნებამდე და არც შემდეგ არ მქონია, _ აღნიშნა კუნჭულიამ.
მისივე თქმით, დღის პირველ ნახევარში ჩვენს სატელეფონო ზარებს მხოლოდ იმიტომ არ უპასუხა, რომ ეძინა და გაღვიძებულმა განმარტების გაკეთება ფეისბუქით არჩია.