27 იანვარს, საღამოს, “გურია ნიუსის” ვებგვერდი გაითიშა. როგორც აღმოჩნდა, დაზიანებული იყო არა მარტო ვებგვერდი, არამედ მთლიანად “გურია ნიუსის” სერვერი: ფოტო და ვიდეო არქივები, ბაზები, ელფოსტები ელექტრონული წერილებით, სარეზერვო მასალები, ბექ აპები…
ჰოსტინგის სისტემური ჯგუფი 5 დღის განმავლობაში ცდილობდა, აღედგინა მონაცემები, თუმცა, მხოლოდ ტექსტური მასალების აღდგენა მოხერხდა, უნიკალური ვიდეო და ფოტომასალის აღდგენა ჯერ-ჯერობით, ვერ ხერხდება.
ვებადმინისტრირების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც “გურია ნიუსის” მენეჯმენტმა დახმარებისთვის მიმართა, ამბობენ, რომ პრაქტიკაში იშვიათად შეხვედრიათ ჰაკერული შეტევისგან სერვერი ისე განადგურებულიყოს, მხოლოდ მისი 5-10%-ის აღდგენაღა ყოფილიყო შესაძლებელი. ისინი ფიქრობენ, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან, რომლის მიზანიც “გურია ნიუსის” ვებგვერდის და მისი 25-წლიანი ისტორიის განადგურებაა.
“გურია ნიუსის” მენეჯმენტი ელოდება ჰოსტინგის ტექნიკური ჯგუფისგან დადასტურებულ, გადამოწმებულ პასუხს, თუ რა გახდა “გურია ნიუსში” მომუშავე სხვადასხვა თაობების მიერ მრავალწლიანი შრომით შექმნილი ნამუშევრის განადგურების, ორგანიზაციის მუშაობის შეფერხების და მატერიალური ზარალის მიყენების მიზეზი. ამის შემდეგ კი, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა ახლა მაინც გამოიძიონ ეს კიბერდანაშაული.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ “გურია ნიუსი” ჰაკერული თავდასხმის ობიექტი ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მეორედ ხდება: 2017 წლის 21 თებერვალს “გურია ნიუსზე” ჰაკერული თავდასხმის შედეგად, განადგურდა მაშინდელი ვებგვერდის სტრუქტურა, წაიშალა ბაზები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) და 286-ე მუხლების (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) პირველი ნაწილებით დაიწყო. საქმე სახალხო დამცველმა კონტროლზე აიყვანა, და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უზრუნველსაყოფად, სამართალდამცავებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ, დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯისკენ მოუწოდა (ბმული: ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/guria-niusze-hakeruli-sheteva-droulad-unda-iqnas-gamodziebuli).
სამწუხაროდ, დანაშაული გამოუძიებელი დარჩა და ხუთი წლის შემდგომ განმეორდა კიდეც.
როგორც მაშინ, დღესაც ჩვენი შეზღუდული ფინანსური რესურსებით ვცდილობთ ტექნიკური ხარვეზები სწრაფად აღმოვფხვრათ და მომხმარებლისთვის კვლავ სანდო ინფორმაციის წყაროდ დავრჩეთ. სამწუხაროდ, ბევრი მასალის მოძიება, სტატიების ფოტო და ვიდეო ვიზუალიზაცია შეფერხებულია, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.
აქვე, გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ ძალიან მძიმე დღეებში გვგულშემატკივრობს, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტი დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი მედია, დაცული საკუთრება და სამართლიანად დასჯილი დანაშაულია.