ლანჩხუთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლად ლაშხიას მოხსენებით, მუნიციპალიტეტის წლევანდელ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილება ითვალისწინებს, რომ 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით ა(ა)იპ „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას“ დაფინანსება 11 ათასი ლარით გაეზარდოს, ხოლო სპორტულ ცენტრის, რომლის ბაზაზეც ორიოდ თვის წინ საფეხბურთო კლუბი “ჩიბათი“ დაფუძნდა, დაფინანსება 15 ათასი ლარით იზრდება. ლაშხიას თქმით, აღნიშნული თანხა ამ საფეხბურთო გუნდის ფუქნქციონირებისთვისაა განკუთვნილი.
არადა, როგორც თავის დროზე „ჩიბათის“ დამფუძნებელი, საკრებულოს წევრი გიორგი ჩახვაძე ამბობდა, ახალი საფეხბურთო კლუბის შექმნა ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოძიებას არ საჭიროებდა.
„ჩიბათი“ სპორტული ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა და ამ გუნდისთვის დამატებითი სახსრების მოძიება არაა საჭირო, რადგან მას საფეხბურთო სკოლის მწვრთნელები ავარჯიშებენ, ხოლო თავად ფეხბურთელები ენთუზიაზმზე, უხელფასოდ ვარჯიშობენ. ახლა გუნდი მეხუთე ლიგაში გამოდის და მისი მთავარი მოტივაციაა, მეოთხე ლიგაში გადაინაცვლოს, რომ ფეხბურთის ფედერაციიდან მიიღოს დაფინანსება“, _ ამბობდა მაშინ ჩახვაძე.
გარდა ზემონახსენები ცვლილებისა, ლაშხიას მოხსენებით ისიც გაირკვა, რომ საფეხბურთო კლუბ „გურიას“ დავალიანების დაფარვის მიზნით, ამჯერზე ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარის გაღებაა საჭირო. არადა, გასულ პარასკევს საკრებულომ ამ კუთხით 35 ათასი ლარის გამოყოფაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ლაშხიას განმარტებებს ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატ კახა ასკურავას პროტესტი მოჰყვა.
„კი მარა, ამდენი წელია აღვნიშნავთ 26 მაისს და ახლა გაახსენდა კულტურის ცენტრს ეს თარიღი?! „გურიასთან“ დაკავშირებით კი ადმინისტრაციული წარმოება დავიწყეთ 35 ათას ლარზე, დასამტკიცებლად კი 40 ათასია შემოტანილი. გზადაგზა იზრდება ეს თანხები?! რას უნდა დავუჭირო“, _ ცხარობდა ასკურავა.
როგორც მერმა ასკურავას საპასუხოდ განმარტა, გრიგოლეთის ბაზაზე არსებული კომუნალური დავალიანებების გამო გახდა აუცილებელი „გურიას“ ვალების დასაფარი თანხა გაზრდილიყო.