გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში, ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იქნება.
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანლის, დავით დარჩიას თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება დეპუტატობის კანდიდატი.
„ყველაფერი თვის ბოლომდე გაირკვევა. ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის არაფერია ცნობილი”, – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დავით დარჩიამ.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე- განიხილება თუ არა ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურა, დავით დარჩიამ გვიპასუხა: „ჩემთვის ცნობილი არ არის ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურის შესახებ”.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზუსტებულად არაფერია გადაწყვეტილი. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება სამ ადამიანს შორის უნდა გააკეთოს. ესენია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დავით მდინარაძე, ბიზნესმენი ზურა ჩხაიძე და ყოფილი პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე.
„გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე მხოლოდ დავით მდინარაძესთან მოახერხა დაკავშირება.
„დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას. როგორც ვიცი, 15 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ იქნება „ქართული ოცნებიდან“ გურიაში დეპუტატობის კანდიდატი“, – გვითხრა მდინარაძემ.