2021 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სულ აღნიშნულ პერიოდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 294 ფაქტი გამოავლინდა, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 137 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 56 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, აჭარაში – 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, მცხეთა-მთიანეთში – 11, შიდა ქართლში – 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 419 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 26 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 7 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.