გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის მცენარის ფესვის ყელის სიდამპლეზე კარგა ხანია საუბრობენ.
მთავარი კი ისაა, რომ ამ სიდამპლეს გამოცდილმა მეურნეებმა ვერანაირი შესატყვისი წამლობით ვერ უშველეს.
_ თითქმის, ბოლო ათი წელია, ვამჩნევთ და თანდათან ძლიერდება ეს დაავადება. ძველებური წამლები ამას არ შველის, ახალი კი ჯერ არაფერია. საქმეს სჭირდება სერიოზული ფიტოპათოლოგი, კვლევა ლაბორატორიაში უნდა მოხდეს, უფრო მიკროსკოპულად. შემდეგ იქნება შესაძლებელი, დავადგინოთ, რომელი წამალი უშველის, _ გვეუბნება გამოცდილი აგრონომი აკაკი ღლონტი.
კივი საქართველოში 80-იანი წლებიდან შემოვიდა. მართალია, არსებობს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, სერიოზული გამოცემები, თუმცა არც ერთ წიგნში არ წერია ამის შესახებ, რადგან მცენარე მაინც ახალშემოსულად ითვლება.
ოზურგეთელ მეურნეთა თხოვნაა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოგზავნოს ორი სწავლული ფიტოპათოლოგი მაინც, რომლებიც ჩაატარებენ სერიოზულ ლაბორატორიულ კვლევას, ადგილზე სინჯების აღების შემდეგ.
_ ჩვენ ამის შესახებ ლევან დავითაშვილსაც ვთხოვეთ. სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრის მიერ, წერილიც გაიგზავნა სამინისტროში. ველოდებით პასუხს, რომელიც აქამდეც შეიძლებოდა მიგვეღო. ვიმედოვნებთ, რომ დაგვეხმარებიან, _ ამბობს ჩვენთან საუბარში აკაკი ღლონტი.
გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, რომ კივი თითქოს ბაზარზე ნაკლებად იყიდება, რის გამოც ზოგმა აჭრა კიდევაც თავისი პლანტაცია, აკაკი ღლონტი ამბობს, რომ ეს არის დიდი შეცდომა:
_ ბუხართან თუ დავჯექით, არაფერი არ გაიყიდება. კივზე სულ არის მოთხოვნა _ 2,50 ლარად იყიდება კილოგრამი ხარისხიან ნაყოფი. თავს ნუ მოვიტყუებთ. შრომაა აუცილებელი და ამავე დროს ახალი დაავადების დროულად მიხედვა, _ ამბობს ის.