გურიაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი კანდიდატი, ნინო შეწირული მიიღებს, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსთან“ შეწირულმა თავად დაადასტურა..
_ მივიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებში. გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვიყრი კენჭს. 1-ლი ნოემბრიდან ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა ჩვენი რეგიონისთვის, სხვა გზა არ გვაქვს, _ გვითხრა შეწირულმა და განმარტა, რომ სავარაუდოდ, მის კანდიდატურას 20 აგვისტოს წარადგენს პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ .
აღნიშნული პარტიის წევრები არიან ის დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, გედევან ფოფხაძე. თავმჯდომარე კი ბექა ნაცვლიშვილია.
_ მე გავეცანი მათ პროგრამას და ძალიან ახლოა ყველაფერი ჩემს პრინციპებთან, _ აღნიშნა შეწირულმა.
ნინო შეწირული ოზურგეთში ცხოვრობს. 33 წლისაა. შეწირულმა დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. მუშაობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, 2016-2018 წლებში იყო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შტაბის უფროსი აჭარა-გურიის რეგიონში. ახლა კი ოზურგეთში, შპს „ვასაძის პურის“ წარმოების უფროსად მუშაობს.