გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს.
„უმძიმესი ისტორია, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება _ აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი შესრულდა. საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები დაკარგა… გმირები, რომლებიც არ შეუშინდნენ რუსულ აგრესიას და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოს თავგანწირვით იცავდნენ. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
გურიის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
ოზურგეთიდან – თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი; ჩოხატაურიდან – მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე; ლანჩხუთიდან – ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი. (R)