„გურია ნიუსი“ დილიდანვე უკავშირდება გურიის (ოზურგეთის) სოფლების მცხოვრებლებს, ვისაც მანდარინი მოუკრეფავი დარჩა. უფრო სწორად, არ მოკრიფეს იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მაინც დაულპებოდათ. ფაქტობრივად, ბევრს ეზარალა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილი.
_ასე გვეზარალა გაჭირვებით მოვლილი, შეწამლული ციტრუსოვანები. ეს საცოდაობაა. დააბრალეთ ახლა ხალხს, _ გვეხმიანებიან მეურნეები კონჭკათიდან, ნატანებიდან, მერიიდან.
_ კონკრეტული მფლობელის ბრალი ისაა, რომ ხეზე მაინც არ უნდა დატოვოს ნაყოფი, რომ ტოტები არ ჩამოხლიჩოს თოვლმა.
_ ვიცით, გენაცვალე, მაგრამ, ადამიანი სულ იმედით ცოცხლობს. არ მოვკრიფეთ იმიტომ, რომ იქნებ, გაგრძელდეს კარგი ამინდი-თქო. მოკრეფილი უფრო ადრე გაფუჭდებოდა, _ გვპასუხობენ გაბრაზებული მოქალაქეები.
დღეს, როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, პარლამენტში ანგარიშის მოსმენაა. გურიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომ ხალხი დიდი ხანია, ითხოვს, აშენდეს ერთი ქარხანა მაინც; რომ ქარხანა, რომელიც არსებობს ნატანებში, დიდი ხანია, დაკეტილია, _ ამ და კიდევ სხვა მწვავე პრობლემებზე, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.