გურიის ახალი გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას პირველი სამუშაო კვირა სკანდალი დაიწყოთ _ საქმე იმაშია, რომ ნასარაიას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გურიის პირველმა პირმა სამუშაო შეხვედრა ძალოვან უწყებებთან გამართა.
ინფორმაციას თანდართული ფოტოდან ჩანს, რომ გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში, პოლიციის მაღალჩინოსნების გასაცნობად მისულმა გუბერნატორმა, სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, კახა მურადაშვილის სავარძელი დაიკავა, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა:
„ასე როგორ შეიძლება?! მივიდა ადამიანთან სხვა უწყებაში, სავარძლიდან ააყენა და თავად დაჯდა“; „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ელემენტარული ზრდილობის ამბავია“; „არ მოსულა და ყველაფრის პატრონი ჰგონია თავი“, _ წერდნენ სოციალურ ქსელში.
იმის გარკვევას, თუ რა უფლებით ააყენა სავარძლიდან სამხარეოს უფროსი და რა უფლებით დაისაკუთრა თვითონ, „გურია ნიუსიც“ შეეცადა. ახალ გუბერნატორს სოციალურ ქსელშივე ვკითხეთ, თუ რატომ მოიქცა ასე და ვისი მითითებით. ნასარაიამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ იკადრა, თუმცა, ჩვენს მიერ დასმული შეკითხვიდან რამდენიმე წუთში, საკუთარ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციაც წაშალა და შესაბამისი ფოტოებიც.