“გურია ნიუსისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებას მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
ამ პოსტს, ამ დროისთვის გურამ ასათიანი იკავებს, რომელსაც ჩვენი წყაროს თქმით თანამდებობას ამ კვირაში დაატოვებინებენ.
მიზეზი კი განყოფილების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებია, რომელსაც ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს.
ის, რომ ასათიანი მალე შეიცვლება უკვე დაგვიდასტურეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა უწყებაში კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ:
_ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რადგან ჩვენ თვითონვე ვართ დაინტერესებული ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ე.წ. “კარიერების” საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.
ამ ეტაპზე კონკრეტულ ცვლილებებზე კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია, თუმცა ცვლილებები აუცილებლად იქნება, _ უთხრეს უწყების პრესსამსახურში “გურია ნიუსს”.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ისიც გვითხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გურამ ასათიანს შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსანი, გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი ვიქტორ გობრონიძე შეცვლის არასწორია.
როგორც გვითხრეს, გობრონიძის კანდიდატურა არც კი განიხილება.
ამავე თემაზე: რა მუხლებით იძიებს სუს-ი საქმეს ოზურგეთის გარემოს დაცვის სამსახურში (ექსკლუზივი)
“ერთი კუბური მეტრი ხრეში გვინდა“_ ბიზნესწილები თუ ფულის გამოძალვა ჩინოვნიკების სახელით