კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გურიის რეგიონში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების დარიგება გრძელდება. ქართველი ემიგრანტი, ირლანდიაში ქართული დიასპორის თავმჯდომარე, წარმოშობით ოზურგეთელი, საქველმოქმედო აქციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო.
ამჯერად, სააღდგომო ნობათი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს სახლში მიუტანეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ მოუწოდეს.
„ მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ემიგრანტს თანადგომისთვის. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი პროექტების ფარგლებში, კიდევ შევძლებთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გურიის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლება, კერძო სექტორი, ბიზნესის წარმომადგენლები და ფიზიკური პირები აქტიურად არის ჩართული ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებაში თუ აქციებში. მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს მოსახლეობას და მოვუწოდო, რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, დარჩნენ სახლში და დაიცვან რეკომენდაციები,“– განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
„ სააღდგომო ნობათი მივუტანეთ მოსახლეობას, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. მადლობა აქციის ორგანიზატორებს, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივების დახმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დავძლევთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს მსოფლიოს წინაშე დგას. ქრისტე აღდგა! გილოცავთ, მრავალს დაესწარით,“ – აღნიშნა დავით დარჩიამ. (R)