ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქებში დღის ორი საათის მონაცემებით, სულ ოთხი საჩივარია შესული და ოთხივე ლანჩხუთის #61 ოლქში. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში #61 საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელმა თამარ ბისიეშვილმა აღნიშნა, ოლქში სამი საჩივარი ენმ-მა შემოიტანა, ერთი საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნების“ ანგარიშზეა.
ბისიეშვილის თქმით, ოთხივე საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხება.
როგორც „გურია ნიუსთან“ კომენტარში ენმ-ის ლანჩხუთელი სახე გივი ცინცაძე ამბობს, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა მათ ქალაქის #2 საარჩევნო უბანთან დააფიქსირეს, სადაც ქალბატონი უბნის სიახლოვეს საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა. „უბნის სიახლოვეს, ისე, რომ 100 მეტრიც არ იყო დაშორებული ქალბატონი საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა. შენიშვნა მივეცით, საჩივარიც დავწერეთ, მაგრამ ფაქტობრივად, არც არაფერი შეცვლილა. მანამდე თუ „ქამრიში“ იჯდა და საარჩევნო უბნის წინ ეწოდა აგიტაციას, ახლა შენობის გვერდიდან შესასვლელთან „ოპელში“ გადაჯდა. რა უნდა ვქნათ, ერთსა და იმავე ადამიანზე ორჯერ ხომ ვერ დავწერთ საჩივარს?!“- ამბობს გივი ცინცაძე.
რაც შეეხება ჩოხატაურისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებს, მათი ხელმძღვანელების ინფორმაციით, დღის ორი საათის მონაცემებით, ოლქში არც ერთი საჩივარი არ შესულა.
[sexy_author_bio]