ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ფიროსმაში მცხოვრები გელა ფუტკარაძე შიმშილობს.
“ორი დღის წინ, გრიგოლეთში დამაკავეს პოლიციელებმა და გუშინ გამათავისუფლეს. გადავკვეთე ღერძულა ხაზი და ამისთვის გამომიწერეს 200-ლარიანი ჯარიმა, წამართვეს მანქანა და საბუთები, რასაც ჩემი მხრიდან მოყვა პროტესტი _ ვცდილობდი გზის გადაკეტვას, რის შემდეგ დამაკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო. ლანჩხუთის პოლიციაში გადამიყვანეს და იქ ვიყავი 10 საათის განმავლობაში. ამდენხანს არ მაქვს პასუხი – რატომ წაიყვანეს მანქანა და არც ის ვიცი, სად გადაიყვანეს. ორჯერ დავრეკე სამინისტროში, იყვნენ მოსულები და არანაირი შედეგი სახეზე არ არის. მანქანაში მქონდა ფული და არც მიბრუნებენ? ოზურგეთში მითხრეს პატრულის თანამშრომლებმა რატომ დარეკე შსს-შიო. მხოლოდ ეს აწუხებს, ის რატომ არ აწუხებთ, სოციალურად დაუცველი რომ ვარ და მანქანაში დატოვებული ფულით ბავშვებისთვის პროდუქტების ყიდვას ვერ ვახერხებ. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის შიმშილობა არავის ადარდებს. ვიდრე არ დამიბრუნებენ მანქანას და საბუთებს, მანამ ვიშიმშილებ, _ გვითხრა გელა ფუტკარაძე.
შსს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საბუთები პატრონს დაუბრუნდა და მანქანაც უახლოეს დროში დაუბრუნდება. უწყების ცნობით, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და პატრულის თანამშრომლებს გელა ფუტკარაძის უფლებები არ დაურღვევია.