დღევანდელი ჩვენი იუბილარი, ცუცა ზოიძე ასი წლისაა. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) ცხოვრობს. მართალია, გურულისთვის არადამახასიათებლად ზედმეტად დინჯი მოსაუბრეა, თუმცა, გურულისთვის თანამდევი იუმორის გრძნობა სამყოფად აქვს:
_ ყურს ასაკის გამო არ მაკლია. ერთხელ, ახალი წლის მოახლოებისას, ბაზარში ვიყავი. ხომ იცით, სახალწლო სუფრის ჩვენებური სამზადისი. დიდები თუ პატარები ერთნაირად ისროდნენ “ასაფეთქებლებს”. ერთი ისე ახლოს ამიფეთქდა ყურთან, მას შემდეგ სმენა არ მაქვს ცალ მხარეს, მარა მეორე ყური მაინც ჯანმრთელად მომყვა ამ ასაკამდე. არც თვალს ვემდური, კი ვცნობ ყველას, _ გვეუბნება ცუცა ბებო და გვპირდება, რომ მომავალ, ახალ 2021 წელს აუცილებლად იქნება „გურია ნიუსის“ სტუმარი და მთელ საქართველოს მიულოცავს.
ცუცა ზოიძე თავს ბედნიერად თვლის: „ასი წელი უწესიერეს ცხოვრებას და თავდადებული შრომას შემოვავლე. შვილები და შვილიშვილები მახარებენ. ჯანმრთელად არიან, პატიოსნად ცხოვრობენ. შრომის და ადამიანის სიყვარული გააჩნიათ. სითბოს და მზრუნველობას არ მაკლებენ. ზარმაცი არცერთი არაა. ამაზე მეტი სიმდიდრე , რა უნდა ინატრო ჭკუის მქონე ადამიანმა”.
იუბილარი ქალბატონი, ცუცა ბებო, ერთი იმათგანია ოზურგეთში, ვისაც გამოსვლის დღიდან არ შეუწყვეტია „გურია ნიუსის“ ხელმოწერა. შვილი და შვილიშვილი _ ჩიტო და მედეა მითაიშვილები ხშირად გვიამბობენ, როგორ ელოდება იგი ახალ ამბებს, რომელსაც ახლა მედეა უკითხავს.
„გურია ნიუსი“ უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით, სიხარულით ულოცავს ცუცა ზოიძეს _ დინჯ გურულ ბებოს ასი წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კვლავ ხალისიან და ბედნიერ სიცოცხლეს.