ქალაქ ოზურგეთში ლიტერატურულ კაფეში “რვა+1“-ს ქართული ბესტსელერის “გურული დღიურები 2“-ის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას თავად წიგნის ავტორი, მწერალი, პოეტი გიორგი კეკელიძე ესწრებოდა. მან შეხვედრის მონაწილეებს წიგნებზე და წიგნიერებაზე ესაუბრა.
“მოგეხსენებათ დღეს არის “გურული დღიურების 2“ წარდგინება, ცხადია მე ამ წიგნზე არ ვისაუბრებ, არამედ შევეცდები ვისაუბრო იმაზე, რის პოპულარიზაციას ვეწევით ჩვენ თქვენი დახმარებით. მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ გულისხმობს ერთგვარ გამოწვევას და სირთულეს წიგნთან და წიგნიერებასთან მიმართებაში. მე არ ვამბობ, რომ ეს თაობაიმაზე ნაკლებ ნაკითხია ვიდრე ჩემი, პირიქით – ვფიქრობ, ეს თაობა თუნდაც რესურსების სიმრავლით გამო გაცილებით ბევრს კითხულობს, მაგრამ რეალურად აღთქმის თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ხშირ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები გვქონდეს. ამიტომ ხშირად, როდესაც ისმება კითხვა, რატომ წიგნი? რატომ მეტი წიგნიერება? და მათ შორის რატომ მხატვრული ლიტერატურა, ბუნებრივია ერთის მხრივ ამას თან სდევს ტრადიციული-კულტურული გაღიზიანება, მაგრამ მეორე მხრივ ამასვე თან სდევს სკეპტიკური მოცემულობა, რომელსაც აქვს ლოგიკური საფუძველი“, _ თქვა შეხვედრის დასაწყისში გიორგი კეკელიძემ.
წიგნის პრეზენტაცია ანშლაგით ჩატარდა. გიორგი კეკელიძის მონოლოგის შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.