სამ თებერვალს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შედგა მამუკა გოგიტიძის და ირაკლი მახარაძის წიგნის ,,გურული გენერლები“ (გამომცემლობა ,,არტანუჯი“) წარდგენა-გაყიდვა.
წიგნში მოთხრობილია იმ გენერლების შესახებ, ვინც გურიაში დაიბადა (მე-18 საუკუნიდან 1921 წლის ჩათვლით), ავტორებმა ვრცლად ისაუბრეს წიგნის შექმნისა და მისი გმირების შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდა არტანუჯის დამფუძნებელი ბუბა კუდავა.
ამონარიდი წიგნიდან: 1901 წელს ჟურნალ ,,მოგზაური”-ს ფურცლებიდან კონსტანტინე გვარამაძე გვამცნობდა: ,,გურულს გული მოუვა თავისი სიფიცხითა, რადგანაც მას სული ცხვირში აქვს. მაგრამ ერთი კარგი თვისებაცა აქვთ, რომ დამშვიდება მყისვე იციან. ღმერთმა ნუ ჰქმნას, დიდხანს გასწეოდა გურულს გულის მოსვლა, თორემ თქვენი მტერი, ერთმანეთს ისე ამოჟლეტდნენ, რომ დღეს აღარ იქნებოდნენ… გურული მეტად განსხვავებული ბუნების ადამიანს შეადგენს საქართველოში, როგორც სჩანს აწერილობიდგან. ამას უკეთესათ დავასურათებ ქართლ–იმერლებთან შედარებით. ტეტიას რომ აგინოთ იმისათვის სამაგიეროს არას გეტყვის; აქეთ რომ წამოხვიდეთ და სურამელს აგინოთ, სამაგიეროთ შეიძლება მიზეზი გკითხოს შეგინებისათვის; იმერეთში ხოროგაულელები _ კი ამისთვის სამაგიეროს შემოგაგინებსთ, ქუთათური იმერელი – კი ცემა–ტყეპით და იარაღის დაშიშვლებით გადაგიხდიან, ხოლო გურული – კი ამას წუთიერი სიკვდილით გადაუხდის მაგინებელს, იარაღით მაშინათვე გააციებს…”