,,სტუმრის დახვედრა კი იციენ ჩვენში, რაც მართალი მართალია. სტუმარი თუ მევიდოდა, იი დღე სტუმარიზა იყო გადადობილი. რა საქმეც არ უნდა ქონებოდა, ი გადაგედვა უნდა. რაც კაი ქონდა, იმას მიართუმდენ, შამოსული არ იყო კაცი ეზოში, ჭიშკარზე გადმეიარდა და – კეცი ხაჭაპურიზა გადადგმული, ჩახანაი ცეხზე შამოკიდული ქათმის გასაპუტავათ, ქათამი დაჭირული და ოტკა გრაფინკაში, გინდა ღვინო, მაი სულერთია. ღამეც თუ მეიცთიდა, მაშვინ კიდომ კაი ლოგინი, კაი აბრეშუნის საბანი და კაი მოსვენება. დილას ზაკუსკას გუუწყობდენ, აბა უჭმელს არ გუუშობდა ოჯახის ქალი, გინდა კაცი სტუმარს, არასფელობამდი არ გუუშობდა”. მთქმელი ეკატერინე ნიკოლაიშვილი, სოფ. ბახვი. ელენე ნიკლოლაიშვილი, მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ვერა ბერეჟიანის მოგონებებიდან (სოფ. ზენობანი): ,,ჩემს უფროს ძმას სოფელ ბასილეთში ჰყავდა ნათლული და ნათლიდედამ მაშიკო წიტაიშვილმა განსაკუთრებული ძღვენის გამოგზავნა იცოდა. არშინზე მეტი სიგრძის ღვეძელი (ფურნეში გამომცხვარი) ყველით და კვერცხით ხომ გატენილი იყო და შემწვარი შაშვები იყო ცომში ჩატანებული, თავები მაღლა ჰქონდა ამოყოფილი. ასევე არშინზე უგრძესი ჩურჩხელები თხილისაგან, ქარვასავით გამჭირვალე, გახვეული ფელამუშის ტკბილის კვერში, რომელსაც მეტრო სიგანე ჰქონდა და მეტროზე მეტი სიგრძე, ჩურჩელებისაგან გაკეთებული გალია. ეს კი გასაკვირი იყო, როგორ ავლებდა ფელამუშში და ასე ლამაზად აშრობდა და ამიტომ იყო მისი ძღვენი სხვისაგან განსხვავებული“.
ზოია ტუღუში, ეთნოგრაფიული მასალები ნინოშვილის მუზეუმის ფონდიდან,
ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის გიგო შარაშიძის მოგონებიდან:
გურიის უკანასკნელ მთავარს მამია გურიელს მოახსენეს, რომ ერკეთის საზოგადოების სოფელ ხევში ცხოვრობს ვინმე აზნაური კეკელიძე, რომელიც იმდენად შეძლებულია, რომ მარტო მისი ოჯახისათვის მომზადებული სადილით საკადრისად გაუმასპინძლდება გურიელს ამალითურთო. გურიელმა მოიწადინა მისი ნახვა დე ერთხელაც ესტუმრა -სწორედ სადილობის დროს. კეკელიძე მიეგება მთავარს, რომელმაც იქვე ცაცხვის ძირში უბრძანა მანსპინძელს სადილის მირთმევა – მას ძალიან ეჩქარებოდა და მასპინძელს უთხრა: თუ გიყვარდე, რაც გქონდეს მზად შენდა სასადილოდ, მხოლოდ ის გამოიტანეო. მოსამსახურეებმა გამოიტანეს დიდრონი გოგრები და თითოეულ სტუმარს სკამის მაგივრად დაუდგეს. გააწყვეს სუფრა, რომელსაც ამშვენებდა საუკეთესო ,,სანთლის რახი” (ოტკა). სადილი საუცხოო იყო, გურიელი ნასიამოვნები და გაკვირვებული დარჩა ასეთი უხვი მასპინძლობის გამო. წაბრძანების წინ კი მასპინძელს შეეკითხა: მითხარი რით დაგასაჩუქრო ასეთი პატივის ცემისთვისო? მასპინძელმა მოკრძალებით მოახსენა: თუ ჩემი გაბედნიერება გინდა მიწყალობე ეს ჩემი მაცხოვრებელი ტყე. გურიელის ბრძანებით ეს ტყე მას გადაეცა. ამბობენ, რომ გურიელის ხელმოწერილი ეტრატზე დაწერილი წყალობის წიგნი დღესაც კეკელიძეებთან ინახებაო. გიგო შარაშიძე, გურიის წარსულიდან (მოგონებები, წერილები).
ყველა გურულს ჰქონდა საცხოვრებელი სახლი. ამის გარდა სამზარეულო სახლი (გურიაში დამკვიდრდა მისი სახელი, როგორც ,,კუხნა“), რომლის შუა ადგილას დადგმული იყო კერია და ინთებოდა შუა ცეცხლი.
კერიის თავზე გაკეთებული იყო ხისაგან სამაგრები, სადაც იბოლებოდა ღორის ხორცი. სამზარეულო სახლის სხვენში ინახავდნენ ახლადდაკრეფილ თხილს, რაც ,,შეიბოლებოდა“ და უაღრესად გემრიელი იყო… საკალანდო ღორს ასუქებდნენ ისე, რომ საღორედან გარეთ არ უშვებდნენ (მოძრაობის დროს ღორი კარგად არ სუქდებაო). ასევე სპეციალურად წნელით დამზადებულ სადგომში (გურულად გორძღოში) ამწყვევდნენ ფრინველებს და იმდენ საკვებს აძლევდნენ, რამდენის ჭამაც შეეძლო. ინდაურს აყლაპებდნენ გარჩეულ ნიგოზს, რათა, მას ჰქონოდა ყვითელი, სასიამოვნო მსუქანი ხორცი. როცა ღორს დაკლავდნენ, მის ხორცს აწყობდნენ ხის დიდ კასრში, სადაც ჩასხმული იყო მარლიანი წყალი. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, როცა ხორცს ამოიღებდნენ და დაჰკიდებდნენ სამზარეულო სახლის (კუხნის) შუა ცეცხლის თავზე მოწყობილ საკიდზე. ხორცი ნელ-ნელა იბოლებოდა და საუკეთესო გემოსი ხდებოდა. ღორის მუცლის ქონს ადნობდნენ, მოათავსებდნენ ქილებში და ის კარაქის მაგივრობას სწევდა. შალვა მახარაძე, სოფელი ნაღობილევი (ნარკვევი),
ავტორი
































































