ლანჩხუთელი მონადირეები თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც ირკვევა, მათი პროტესტის მიზეზი გასულ წელს მთავრობისგან მიღებული დაპირების შეუსრულებლობაა.
მონადირეებმა ლანჩხუთის ცენტრში რამდენჯერმე გამართეს აქცია, სადაც კოლხეთის ეროვნულ პარკში მოქცეულ ტერიტორიაზე ნადირობის უფლებას ითხოვდნენ. მაშინ აქციებში ლანჩხუთელ მონადირეებთან ერთად მიმდებარე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ლანჩხუთში გამართული აქციების გარდა მიმდინარე წლის დასაწყისში მონადირეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი ვინაც ლანჩხუთში აქციებს ორგანიზებას უწევდა და თბილისში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაშიც ირებდა მონაწილეობას, სულხან პატრაიაა, რომელიც დღეს ამბობს, რომ მიუხედავად მიღებული დაპირებებისა, საქმე წინ არ წასულა და მონადირეებისთვის დაწესებული მკაცრი შეზღუდვები კვლავაც ძალაშია.
„მაშინ ჩვენ შევხვდით მხარის რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას. გვქონდა საუბარი მაჟორიტარ დეპუტატთან, რომელიც დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. ვიყავით თბილისში, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკმაოდ ემოციური შეხვედრა გვქონდა. მათ ჩვენ მყარი და დასაბუტებული არგუმენტები წარვუდგინეთ. ჩვენ ვითხოვდით, ვინაიდან ლანჩხუთი არის აგრარული რაიონი, ჩვენს ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, იქ, სადაც კოლხეთის დაცული ტერიტორიაა დღეს- ტრადიციული საქმიანობის ნებართვას.
საუკუნეების მანძილზე წარმოებდა ამ ტერიტორიაზე ნადირობა, მესაქონლეობა, მეთევზეობა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მივიღეთ პირობა, რომ ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებდნენ. გასულ წელს პრემიერის კეთილი ნებით ნადირობისა და თევზაობის უფლება მოგვეცა დაცული ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებში. ახლა ახალი სეონი მოვიდა და მოპოვებული ნებართვაც არავინ გაგვიგრძელა. გვითხრეს, რომ ამ ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე სჭირდება გადაწყვეტა, ანუ ჩვენი საუბრები და დაპირებები გვერდით გადაიდო. ახლა სხვა გზას არ გვიტოვებენ და თბილისში მივდივართ აქციის გასამართად“-ამბობს სულხან პატარაია. როგორც მისი საუბრიდან ირკვევა დედაქალაქში აქციის გამართვას გურული მონადირეები პირველი ნოემბრისთვის გეგმავენ.
„ეს მხოლოდ ლანჩხუთელი მონადირეების აქცია არ იქნება. აქ იქნებიან მთელი საქართველოდან. პირველ ნოემბერს ჩვენი უფლებების დასაცავად ვიკრიბებით მონადირეები. „გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოება“-არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებული არიან მონადირეები სხვადასხვა კუთხიდან.სწორედ ეს ორგანიზაცია იქნება თბილისში გასამართი აქციის ორგანიზატორი.
ჩვენ კანონის წინააღმდეგნი არ ვართ, უბრალოდ ვითხოვთ ყველაფერი იმ ნორმის ფარგლებში მოექცეს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ის ტრადიციული გამოყენების ზონები, რომელიც გვქონდა ისევ ჩვენ განვკარგოთ. თავის დროზე ლანჩხუთელებმა უპრეცენდენტორაოდენობის ხელომოწერები შეაგროვეს და ლანჩხუთის ტერიტორიაზე ეროვნული პარკის აკრძალვა მოითხოვეს. ეს ხელმოწერები შენახულია. ვირაცამ შეიძლება ტქვას, რომ ის ძველია და რომ ხელმომწერთა ნაწილი გარდაცვლილია, მაგრამ ესეც არაა პრობლემა, ახალს შევაგროვებთ. არა გვგონია, ვინმემ ხელი არ მოაწეროს იმას, რომ ჩვენ ჩვენს რაიონში იმის უფლება არ გვქონდეს, რასაც ჩვენი მამა-პაპები აკეთებდნენ“-ამბობენ აქციის ლანჩხუთელი ორგანიზატორი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კოლხეთის ეროვნული პარკის თემამ აქტუალობა 2015 წლიდან შეიძინა, რაც მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული არ იყო ეროვნული პარკის ლანჩხუთის კუთვნილი ტერიტორია, მაინც მოხდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 10 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობის დემარკაცია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაუკითხავად და ნების საწინააღმდეგოდ. მაშინ მოსახლეობის სახელით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წერილი გაიგზავნა, სადაც 14 ათასი ადამიანის ხელწერა ფიქსირდებოდა. ისინი საკრებულოსგან ითხოვდნენ საკითხის შესწავლას და წერილების მომზადებას, როგორც პარლამენტში, ასევე სხვა ინსტანციებში გასაგზავნად,სადაც დაფიქსირებული იქნებოდა მოსახლეობის მოთხოვნა, რომ დაუბრუნდეს ხალხს „კოლხეთის ეროვნულ პარკში“ დაბლოკილი ბუნებრივი რესურსები და გაუქმდეს ეს პარკი საერთოდ.
ანალოგიური შინაარსის წერილები ჯერ კიდევ 1998 წლიდან იგზავნება, არაერთხელ შემდგარა შეხვედრები გარემოს დაცვის მინისტრებთან, თუ ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტის წევრებთან, მაგრამ კომპრომისის მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. საგულისხმოა, რომ მოსახლება და ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ერთ აზრზე იყო და დათმობას არასდროს აპირებდა. სწორედ ამიტომ, არც ერთ გამგებელს ხელი არ მოუწერია მიღება-ჩაბარების აქტზე.