ექვსი წლის გვანცა ნიქაცაძე ნიგორზღვის საბაზო სკოლის ერთადერთი პირველკლასელია. გვანცასთვის გაიხსნა წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგორზღვის საჯარო სკოლაში პირველი კლასი.
გოგონას კლასკომპლექტში, მეორე კლასელებთან ერთად მოუწევს სწავლა. გვანცა ნიქაბაძის პედაგოგი თამუნა თარგამაძეა. ნიგორზღვა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ_ერთი მთაგორიანი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 120 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
,, გურია ნიუსი” ნიგორზღვის საბაზო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნათია ნაცვლიშვილს დაუკავშირდა, რომელიც მცირეკონტიგენტიანი სკოლების საერთო პრობლემაზე გვესაუბრა:,
“ერთი წელია, რაც ამ სკოლაში მასწავლებლად მოვედი. მცირეკონტიგენტიანი სკოლების წინაშე ყოველწლიურად ერთი პრობლემა დგას: ეყოლება თუ არა სკოლას თუნდაც ერთი პირველკლასელი. საბედნიეროდ, წლეულს ნიგორზღვის საბაზო სკოლას გაუმართლა და მას შესანიშნავი, გონიერი, ნიჭიერი პირველკლასელი გოგონა ჰყავს, გვანცა ნიქაცაძე. ნიგორზღვის საჯარო სკოლაში არის შესანიშნავი პედაგოგიური კოლექტივი, აქვს საუკეთესო ბაზა, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლემ 21_ე საუკუნის სასკოლო განათლება მიიღოს. სკოლა უკვე ჩართულია ახალი სკოლის მოდელში. მისასალმებელია ის, რომ ყველა მოსწავლეს ემსახურება სამარშრუტო ტაქსი, რომელიც უზრუნველყოფს მათ სკოლაში მიყვანას და გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეების შინ მიყვანას.”
ნიგორზღვის საბაზო სკოლა დიდი ტრადიციების მქონე სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც სამტრედიის საგანმანათლებლო სივრცეში ერთ_ერთი ავტორიტეტული ახალგაზრდა კაცი, გრიგოლ კიკვაძე ხელმძღვანელობს.
[sexy_author_bio]