ეს პროცესი არის პოლიტიკური, ამიტომ პასუხი იქნება პოლიტიკური, _ ეს განცხადება ნიკა გვარამიამ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ე.წ. ციანიდის საქმეზე გააკეთა.
მისი თქმით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ, საეკლესიო გადაცდომებთან დაკავშირებით მის მიერ გამოკვლეულ ინფორმაციას გაასაჯაროებენ. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ დეკანოზი მამალაძე უდანაშაულოა.
„ამ ადამიანმა გამოააშკარავა საეკლესიო გადაცდომები, ეს ჩვენ საერო ხალხს არ გვაინტერესებს, მაგრამ რაკიღა ეს ადამიანი საერო პასუხისგებაში მიეცა და გადმოათრიეს ძალით საერო სივრცეში საეკლესიო მაღალჩინოსნებმა და მათთან შეკრულმა სახელმწიფო მაღალჩინოსნებმა, მაშინ პასუხიც იქნება საერო სივრცეში.
ჩვენ დავიწყებთ მის მიერ მოკვლეული ყველა ინფორმაციის გასაჯაროებას, ან ის გათავისუფლებული იქნება კანონიერად, ის ტყუილად იხდის სასჯელს, უკან დაბრუნდება საეკლესიო წიაღში და იქ მოხდება საერო პროცედურებით ამ ყველაფერთან დაკავშირებით მსჯელობა, ან თუ ისს რჩება საერო პატიმრობაში, მაშინ მსჯელობა საერო წიაღში გაგრძელდება,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.