ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვით პრაქტიკულად დაანგრია სარეკლამო ბაზარი და გაკოტრების პირას მიიყვანა კრიტიკული მედიები – ასე ეხმაურება facebook – ზე “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მთავრობის ახალი ინიციატივას სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის გაზრდას.
ნიკა გვარამია წერს, რომ ეს შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, და არა სათამაშო ბიზნესის შესავიწროებლად და მოქალაქეების დასაცავად.
,,ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვით პრაქტიკულად დაანგრია სარეკლამო ბაზარი და გაკოტრების პირას მიიყვანა კრიტიკული მედიები.
ახლა თვითონ ხეირობენ ამ ბიზნესით და საგადასახადო განაკვეთის გაზრდის გზით კიდევ 400 მილიონი მოაქვთ ბიუჯეტში წინასაარჩევნოდ სოციალური ხარჯების ზრდისთვის. თან ფარისევლურად წუხან, რომ აკრძალვებმა ვერ იმუშავა და სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48დან 52 მილიარდამდე გაიზარდაო. თან წუხან, თან რა კარგია დამატებით 400 მილიონიო.
ასეა, ყველა გულუბრყვილო და კეთილსინდისიერი უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, და არა სათამაშო ბიზნესის შესავიწროებლად და მოქალაქეების დასაცავად.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, რაც “კატასტროფული მაჩვენებელია”, – წერს გვარამია.
დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად.
“მინდა ერთი მხრივ გაკვირვება გამოვხატო და მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, რაც “კატასტროფული მაჩვენებელია”
მისი თქმით, ეს ინიციატივა 2024 წელს დამატებით 400 მილიონი ლარის რესურსს გააჩენს.