ლანჩხუთში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა. ამჯერად პროტესტი ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მზიმეწონიანი მანქანების გადაადგილებით შეწუხებულმა სოფელ შუხუთის მოსახლეობამ გამოთქვა და აქცია გამართა, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
„პატრონი თუ ყავს ამ სოფელ-ქვეყანას, მოგვხედოს ვინმემ. ვერც ქუჩაში გამოვსულვართ და ვერც სახლში გავჩერებულვართ. მთელი ზაფხული ისე გავიდა, ერთხელაც არ მოურწყავთ გზა. გვესმის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება, მაგრამ ვის ხარჯზე?! ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა თუ შეიწირა ამ ამბავმა და მოვკვდით, რაღად მინდა მერე მაგათი გზა. კიდევ სამი წელი უნდა გაგრძელდესო და ამ დროში ვინღა დავრჩებით ცოცხალი?! ისეთი მტვრის ბუღი ირგვლივ, დავიხოცებით ყველა. ეგ უნდათ მგონი კიდეც. არჩევნები რომ იყო, ხომ დავუდექით გვერდით ხელისუფლებას, ახლა მოვიდნენ და თავადაც დაგვიდგენ გვერდში!“ _ ცხარობდა აქციაზე მყოფი ასაკოვანი მამაკაცი.
აქციაზე მყოფებს სამართალდამცავებმა დაშლისკენ მოუწოდეს და განუმარტეს, რომ აღნიშნული ტერიტორია მოირწყვებოდა.
„ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი და აქციით მისი შეჩერება დაუშვებელია. ავტომანქანებმა კი უნდა იმოძრაონ და გზას ვერავინ დაკეტავს. სპეციალური მანქანა მორწყავს აქაურობას, მტვერი აღარ იქნება“, _ განმარტეს პოლიციელებმა.
აქციაზე შეკრებილები კი ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანებისთვის გზის შეცვლას ითხოვდნენ.
„ბევრი საჩივარი თუ განცხადება გვაქვს დაწერილი, მაგრამ წერე და იკითხედ დარჩა. არც ჩვენ გვიხარია ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ სხვა გზას არ გვიტოვებენ ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად. ეს მანქანები მოგვაშორონ, ესაა ჩვენი მოთხოვნა. ექვს თვეზე მეტია, ასეთ დღეში ვართ. 24-საათიანი გრაფიკით მოძრაობენ მანქანები. ქუჩაში ვერ გამოვსულვართ, თუმცა, ქუჩაში რა გვინდა, როცა სახლშიც გაუსაძლის დღეში ვართ. მტვრითაა სავსე ყველაფერი, სტუმარს სირცხვილით მაგიდას ვერ გაუშლი.
ჩვენც ადამიანები ვართ. საკუთარ ქვეყანაში სხვა რომ შეგილახავენ უფლებებს, ამაზე უარესი რა უნდა იყოს?! რას ვითხოვთ არაკანონიერს?! მოგვაშორონ ეს მანქანები და გვაცალონ ცხოვრება“, _ კატეგორიულები იყვნენ აქციის მონაწილეები.
შუხუთის მკვიდრი გულო სარიშვილის თქმით კი, მძიმეწონიანი მანქანების ხშირი გადაადგილების გამო პრობლემები შეექმნა მის საცხოვრებელ სახლს.
„სახლის კედლები დაიბზარა. მოვიყვანე და ვანახე, თუმცა, მითხრეს, ეს ადრინდელიაო. როგორ იქნება ადრინდელი, როცა ახალგარემონტებული სახლი მაქვს?! გაუსაძლის ყოფაში ვართ, დღე და ღამე დადიან ეს მანქანები, ირგვლივ კი მტვერი და ტალახია.
ცოტა ხნის წინ ქორწილი მქონდა და ფეიერვერკი 11 საათზე მასროლინეს, მერე არ შეიძლება, დაგაჯარიმებენო. ესენი რომ მთელი ღამე დახრიგინებენ და ჩვენს ნერვებზე თამაშობენ, ეს შეიძლება?! ხმაურმა და მტრის ბუღმა წალეკა აქაურობა, ქუჩაში ვერ გამოხვალ ისეთი ამბავია“, _ საკუთარ გულისტკივილს გამოთქვამდა გულო სარიშვილი.
ამ დროისთვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მანქანები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. აქციაზე შეთანხმდნენ, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დღეებში შეხვდება. ამ შეხვედრაზე მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებისთვის 10-პუქნტიანი მოთხოვნის წარდგენას გეგმავს.