იუსტიციის მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის გუნდს ულტიმატუმი გუშინ წაუყენა და თქვა, რომ არის თემა, რომელზეც მას აქვს მყარი პოზიცია, რომელიც თუ არ იქნა გაზიარებული, წულუკიანი ფიქრობს, რომ „გვერდზე გაიწევა“.
„პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს. ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, თანამდებობა არ არის ფასეული“, – განაცხადა წულუკიანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის განაწყენება შეწყალების კომისიის მის დაქვემდებარებაში გადასვლას უკავშირდება, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, წულუკიანის მმართველ ძალასთან დაპირისპირება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრს ციხის გაკონტროლების უფლება არ მისცეს, რის გამოც წულუკიანი ივანიშვილს გაუნაწყენდდა და საკუთარი პირობა წაუყენა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თეა წულუკიანის თანამდებობის დატოვების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
„მე პირადად ინფორმაცია არ მაქვს, რაზე არის საუბარი, რა საკითხს გულისხმობდა ქალბატონი თეა, ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ საპარლამენტო გუნდსა და იუსტიციის მინისტრს შორის, არანაირი გაუგებრობა და უთანხმოება არ არსებობს. ჩვეულებრივ რეჟიმში ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას. მე არანაირად არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება დასრულდეს მისი გუნდიდან წასვლით”, _ განაცხადა გიორგი კახიანმა.