ოზურგეთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა განსაკუთრებით მოიმატა.
ჯანდაცვის სფეროში ამბობენ, რომ ინფიცირების შემთხვევების მატება ომიკრონის გავრცელებას უკავშირდება და ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, თუ მოსახლოება სრულად არ აიცრება.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ მართალია ომიკრონის შტამს კლინიკურად უფრო მსუბუქი გამოვლინება აქვს, მაგრამ დაავადება რთულად მიმდინარეობს აუცრელ, არასრულად აცრილ ან ქორონიკული დაავადების მქონე პირებში. შესაბამიად, კოვიდკლინიკა გავსებულია და ადგილები აღარ არის.
“ფიქსირდება დაავადების შემთხვევების მატება განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. ინფიცირების შემთხვევების ძალიან დიდი ციფრები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ქვეყანაში ომიკრონის შტამის დომინირებასთან. მიუხედავად ამისა, არ შეგვიძლია ვთქვათ რომ სუსტი კლინიკური გამოვლინებით მიმდინარეობს დაავადება, რადგან არის გართულებების შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომატებულია. კოვიდკლინიკა სავსეა და ადგილები არ არის. ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირება იწყება მცირე ასაკის ბავშვებიდან და ფიქსირდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ზოგადად შტამი გამოირჩევა მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით, მაგრამ საყურადღებოა ის პაციენტები, ვინც აუცრელია ან არასრულად აცრილია ან აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება. საყურადღებოა ბავშვთა ასაკშიც გავრცელება. შესაბამისად, ჯანდაცვის ცენტრის რეკომენტაციით მუნიციპალიტეტში წერტილოვანი შეზღუდვები ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის და სასწავლო დაწესებულებებში”,_ ამბობს სიმონიშვილი.
ეპიდემიოლოგის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკური ღონისძიებების დაცვას:
“განსაკუთრებით გვინდა გავამახვილოთ ყურადღება პროფილაქტიკური ღონისძიებების დაცვაზე, რაც მოიცავს თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდებას, დისტანცირებას, პირბადის ტარებას, პირად ჰიგიენას”.
რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წლის პირველ ნახევარში მოსახლეობის 70% უნდა სრულად უნდა აიცრას, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემილოგი ასეთ განმარტებას აკეთებს:
“დადგენილია რომ ბუსტერ დოზის გაკეთება 75%-ით ეფექტურია ომიკრონის შტამის შემთხვევაში შესაბამისად, ბუსტერ დოზის გაკეთების შემდეგ ადამიანი დაცულია 75%-ით ომიკრონით ინფიცირებისგან. ქვეყანაში საკოორდინაციო საბჭოს შტაბთან მიღებულია გადაწყვეტილება რომ ნახევარი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს მოსახლეობის 70%-ის აცრა, რომ არ მოხდეს ომიკრონის გავრცელების გამო მდგომარეობის დამძიმება და იმუნური ფონი შეხვდეს მომზადებული და მოხდეს პანდემიის შემცირება.
გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, შევახსენოთ მოსახლეობას, რომ ვირუსი ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს და გაითვალისწინონ მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდანციები და ნუ აყვებიან არასპეციალისტების და არაკომპეტენტური ადამიანების პოპულისტურ განცხადებებს”.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთში ამ დროის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 14837 შემთხვევა, მათ შორის ინფიცირების 234 შემთხვევა გასულ 24 საათში დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულია 13595 პაციენტი, გარდაცვლილია 92. აქტიურია ინფიცირების 1150 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 102 სტაციონარში, 182 საკარანტინე სივრცეში, 866 კი ბინაზე მკურნალობს.