დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბახვი 1 ჰესი მშენებლი კომპანიის წარმომადგენლებმა საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის პრეზენტაცია ჩაატარეს.
როგორც შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს შეხვედრაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი მდინარე ბახვისწყალზე, რომელსაც საქართველოში 2020 წლის 20 იანვარს დაფუძნებული კომპანია შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI ახორციელებს. თავის მხრივ შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH) დააფუძნა. კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გასცემს ინვესტიციებს მცირე ჰესების მშენებლობაზე, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. კომპანიის ინვესტორები არიან მსოფლიოში ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები, ძირითადად ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან. კომპანია საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. CCEH – ის პორტფელი მოიცავს უკვე მოქმედ და შესწავლის სტადიაში მყოფ პროექტებს.
“მცირე ჰესების მშენებლობასა და მართვაში გვაქვს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და თითოეულ პროექტში სწორედ ამ ცოდნასა და გამოცდილებას ვიყენებთ. როგორც მოგეხსენებათ, პორტფელში გვაქვს დასრულებული და მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც ნათელი მაგალითებია იმისა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ისეთი შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმარებითა და განხორციელებით, რომლებსაც მინიმუმზე დაჰყავთ გარემოზე ზემოქმედება. გვსურს, გურიაშიც შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ პროექტი იყოს მისაღები თითოეული დაინტერესებული ჯგუფისათვის. ჩვენი კომუნიკაციის მოდელი, დაინტერესებულ ჯგუფებთან, ეფუძნება დიალოგს, რომლის ფარგლებშიც გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, რეგიონალურ და ცენტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან. ჩვენი მიზანია, პროექტი გახდეს მისაღები თითოეული ჯგუფისთვის და რეგიონის მოსახლეობამ დაინახოს ის სარგებელი, რაც მოაქვს გენერაციის ობიექტების დეცენტრალიზაციას“, – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის დირექტორმა.