ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
ოჯახი ითხოვს იმ ჩანაწერის გაცნობას, რომელიც ასახავს, თუ როგორ ათვალიერებდნენ იმ ტერიტორიას, სადაც მოგვიანებით ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს. ისინი დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში.
“კომპიუტერი ადვოკატის დასწრების გარეშე გახსნეს. როგორც კი გზა გადავკეტეთ მანქანა გამოჩნდა, ახლა კი, როგორც კი ფედერალური ბიურო ჩავრთეთ საქმეში, კომპიუტერი უცბათვე გახსნეს. მივმართავ ახლა მათ, რომ გზა კიდევ გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა და ეს საქმე ასე არ გაჩერდება. უკვე ყველანაირ ძალას მივმართავ, აღარ მჯერა გამოძიების,”- განაცხადა გარდაცვლილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგულ გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა.