ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე არსებული მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები ცნობილია.
ინფორმაციისთვის, კვლევა, რომელმაც ივლისი-სექტემბრის პერიოდი მოიცვა შესრულდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გეოლოჯიქ“-ს შორის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
“დაახლოებით 40-60 მეტრის სიმაღლიდან, ფერდობის ძირში არსებულ ფლატეზე ქაოსურად მოგორავს ფერდობის ზედა ნაწილიდან გადაადგილებული მეწყრული მასა სხვადასხვა ზომის ბლოკების, ლოდების და ღორღის სახით (ზოგიერთ უბანზე გრუნტიც, დენად მდგომარეობაში), ივსება ხეობის ფსკერი და თანდათან ხდება მდინარის შეგუბება. დღეის მდგომარეობით მდინარის კალაპოტი ერთ მონაკვეთში უკვე არის დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე შევსებული და მდინარე შეგუბებულია. ეს პროცესი გრძელდება და მეწყრისა და ხეობის მორფოლოგიის გათვალისწინებით საბოლოოდ მდინარე ყარნებას ხეობის დაახლოებით 70-80 მეტრის სიმაღლეზე
ამოვსების პოტენციალი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში წყლის შეტბორვა უკვე წარმოქმნილია, დღეის მდგომარეობით მდინარე მთლიანად ჩაკეტილი არ არის და შეტბორილი ადგილიდან ქვემოთ გარკვეული რაოდენობის წყალი, (ბუნებრივ ხარჯთან შედარებით შემცირებული, ამღვრეული, მოწითალო შეფერილობის) კალაპტში კვლავ მოედინება.
ფერდობზე განვითარებული მეწყერი სტრუქტურის მიხედვით კონსეკვენტურია, რაც დამახასიათებელია იმ მეწყრებისთვის რომელიც დანალექ, შრეებრივ მასივში წარმოიქმნება ხოლმე, რა დროსაც მეწყრული სხეულის სრიალის (ცოცვის) ზედაპირი შრეებრიობის გამყოფი ზედაპირის და მისი პარალელური ნაპრალების თანხვდენილია და გადაადგილება ხდება შრეთა სიბრტყის გასწვრივ ამვდროულად მეწყრის გადაადგილების მიმართულება თითქმის იმეორებს შრეთა დაქანების მიმართულებას”,_ ამბობენ გეოლოგები.
“მეწყრების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ზემოთ აღწერილი მეწყრული მოვლენა ცოცვის ზედაპირის განლაგების სიღრმის მიხედვით კლასიფიცირდება როგორც „ძალიან ღრმა“, ხოლო მოცულობის მიხედვით „ძალიან მძლავრი – ექსტრემელურად დიდი“ (მეწყრული სხეულის მოცულობა 29 797 551.5 მ (3), ხოლო ცოცვის ზედაპირის განლაგების საშუალო სიღრმე 43 მეტრია).
“გამოკვლეულ ფერდობზე, ზემოთაღწერილი მეწყრული მოვლენის (ახალი მეწყრის) გარდა ასევე, ფიქსირდება ძველი მეწყრული (პალეომეწყრული) უბნები, რომელთა კონტურები რელიეფში ცხადად იკითხება. ჩვენი მოსაზრებით შესწავლილი ფერდობის აღმოსავლეთ უბანში მდებარე ძველ მეწყერს (პალეომეწყერს) გეოლოგიურ წარსულში ჩაკეტილიც კი ქონდა მდინარე ყარნებას ხეობა. ამ მოსაზრებას ადასტურებს ამ ძველი მეწყრის (პალეომეწყრის) ძირში, მდინარის კალაპოტში არსებული კირქვის უზარმაზარი ბლოკებისა და ლოდების და ამ ადგილიდან მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, ფერდობებზე ტბიური ნალექების არსებობა. ძველ მეწყრულ (პალეომეწყრულ) უბნებზე დღეისათვის არსებული ფერდობის უმეტესი ნაწილი გრავიტაციულ წონასწორობაშია და მას ვერ ვუწოდებთ ერთიან, აქტიურ მეწყრულ სხეულს, მაგრამ ის მოცემულობა, რომ ფერდობზე ძველი მეწყრული (პალეომეწყრული) უბნებიც არსებობს, ამ ფერდობის გეოდინამიკური პირობების სირთულეზე მეტყველებს და აჩვენებს ფერდობის მიდრეკილებას მეწყრული მოვლენების წარმოქმნისაკენ”,_ ამბობენ გეოლოგები.
გარდა ამისა, კვლევაში წერია, რომ მეწყრის კონტურიდან დასაცავ ობიექტებამდე მანძილი მხოლოდ 200 მეტრამდეა. ძლიერი ნალექები და გრუნტის წყლების დაგროვება ხელს უწყობს პროცესის გააქტიურებას. რეგიონის სეისმური აქტივობა დამატებით რისკს ქმნის. ფერდობის ქვეშ კი მდებარე ხეობები და გზა შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაიკეტოს.
როგორც გეოლოგები ამბობენ, მეწყერი ვითარდება ძირითადად თიხოვან ფენებში, რომლებიც წყლის ზემოქმედებით სწრაფად კარგავს სიმყარეს, ფერდობის სტაბილურობა ბუნებრივად ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ვითარება საჭიროებს როგორც სასწრაფო უსაფრთხოების ზომებს ისე საინჟინრო ჩარევას.
გეოლოგების თქმით, საინჟინრო ნაბიჯები ფერდობის მუდმივი მონიტორინგი დრონებით და გრუნტის წყლების კონტროლი. დრენაჟული სისტემების მოწყობა, რომ ზედმეტი წყალი დროულად გაიყვანოს. ფერდობის გამაგრება საყრდენი კედლებით, საბურღი ღარებითა და ბეტონის კონსტრუქციებით.
რაც შეეხება გეოლოგების რეკომენდაციებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ასეთია:
ამ ეტაპზე არ შეიძლება მდინარე ყარნებას ჩაკეტილი მონაკვეთის გაწმენდა მძიმე ტექნიკით — ეს საფრთხეს გაზრდის.
მეწყრის არეალში მცხოვრები მოსახლეობა დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს უსაფრთხო გარემოში.
სოფლებისკენ მიმავალი გზები უნდა ჩაიკეტოს.
აკრძალული უნდა იყოს ქვეითად გადაადგილება როგორც ფერდობზე, ისე ხეობაში.
ფერდობზე არსებული სკოლის ფუნქციონირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დასკვნის ლინკი:































































