ჰაერის დაბინძურება რუსთავში საგანგაშო ნიშნულზეა – ამის გამო 11-მა მოქალაქემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.
რუსთავის მცხოვრებლები უწყების არაეფექტური მუშაობის შედეგად ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის კომპენსაციას ითხოვენ. საქმის წარმოება უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული.
ამავე სარჩელში რუსთაველები კანონის არაეფექტურობასაც უსვამენ ხაზს და წერენ, რომ საკანონმდებლო მოთხოვნის მიუხედავად, საწარმოები ფილტრებს არ აყენებენ, ხოლო სამინისტროს მონიტორინგი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. დაბინძურებული ჰაერი ზიანს მოქალაქეების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აყენებს.
“სარჩელი ძირითადად წაყვანილია მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ აქ მცხოვრები ადამიანები მუდმივად ვცხოვრობთ შფოთვაში, რომ ჩვენს ძვირფას ადამიანებს, ჩვენს ჯანმრთელობას ადგება ზიანი. მათ შორის, სიმსივნეების კუთხით, შეიძლება იყოს ალერგიები და სხვადასხვა არაერთი დაავადება, რომელსაც იწვევს ჰაერის დაბინძურება,” – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი და ჯგუფ “გავიგუდეთ” წევრი, თინათინ მაღედანი.