ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციისთვის სანიმუშო ქვეყნის სტატუსი მსოფლიოში პირველად საქართველოს გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია ავსტრიაში, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის და ღვიძლის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე საპატიო სტატუსით იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კონგრესის ფარგლებში დღევანდელი სესია ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით სპეციალურად საქართველოს მიღწევებს მიეძღვნა. სესიაზე საქართველოს მსოფლიოში პირველი „ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი გადაეცა. აღნიშნული საპატიო ტიტული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის თავმჯდომარემ მასიმო კოლომბომ გადასცა.
„ჩვენთვის უდიდესი პატივია მსოფლიოში პირველი „სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რასაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია „გილეადმა“. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ, უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ამ პროგრამამ სწრაფი პოზიტიური გავლენა იქონია ეროვნულ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, საქართველო ასევე გახდა მისაბაძი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით და მრავალი სახელმწიფო გაიზიარებს იმ ღირებულ, მართლაც რომ საუკეთესო გამოცდილებას, რაც ჩვენ 2015 წლიდან გაგვაჩნია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 აპრილს გაიხსნა და 14 აპრილს დასრულდება. კონგრესის ფარგლებში ღვიძლის დაავადებების საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.