მდინარე ბახვისწყალზე ახალი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. 21 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, პროექტის ავტორებმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გარემოზე ზემოქმედების დაკვირვების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე მთისპირელი ესწრებოდა, რაც გააკრიტიკა გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარემ, ირმა გორდელაძემ:
_ 10-15 მთისპირელის გადასაწყვეტი არაა მდინარე ბახვზე ჰესის მშენებლობის საკითხი; ეს ეხება იმ სოფლებსაც, სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაივლის: უკანავა, ვანისქედი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი და ზედა ბახვი. უნდა მოხდეს გაფართოებულ წარმომადგენლობასთან შეხვედრა, _ თქვა მან.
წყლის ნაკადის რომელი წლის მონაცემებს ეყრდნობიან ჰესის დაგეგმარებისას ავტორები; რა შედეგი ექნება გარემოზე მდინარის ნაკადის შვიდი კილომეტრის მანძილზე მილებში გავლას; რა მოცულობის ტყის მასივი გაიჩეხება; როგორ იმოქმედებს ბახმაროს კლიმატზე “ორმაგი ჰესი“ ბახვისწყალზე, რადგან “ბახვი-2“ მასთან საკმაოდ ახლოსაა – ესაა კითხვები, რომლებზეც საზოგადოება სპეციალისტების კვალიფიციურ პასუხს ითხოვს.
ასევე, შეხვედრაზე, დაისვა საკითხი _ რას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აგების სანაცვლოდ.
“ბახვიჰესის“ მშენებლობის თემას “გურია ნიუსი“ ისევ არაერთხელ მიუბრუნდება.