ერთხელ ცნობილმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა, ჰაიდნმა, თავის სახლში ყასაბი დაინახა და დიდად გაოცდა. ყასაბი მისი ნაწარმოებების კარგი მცოდნე და მოყვარული აღმოჩნდა.
– მაესტრო, – ყასაბმა მოწიწებით მოიხადა ქუდი, – ამ დღეებში ჩემი ქალიშვილის ქორწილია. დამიწერეთ ახალი ლამაზი მენუეტი. ვის შემიძლია მივმართო ასეთი მნიშვნელოვანი თხოვნით, თუ არა განთქმულ ჰაიდნს?
ჰაიდნი დასთანხმდა და დაპირდა, რომ ერთი დღის შემდეგ მზად იქნებოდა მენუეტი. დანიშნულ დღეს ყასაბი მივიდა და მიიღო ძვირფასი საჩუქარი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ჰაიდნს შემოესმა გამაყრუებელი ხმები, რომელშიაც ძლივს იცნო თავისი მენუეტის მელოდია.
მივიდა ფანჯარასთან და თავის ჭიშკართან დაინახა შესანიშნავი ხარი მოოქროვილი რქებით, ბედნიერი ყასაბი, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად და მოხეტიალე მუსიკოსთა მთელი ორკესტრი.
ყასაბმა წინ გადადგა ნაბიჯი და მთელი გრძნობით წარმოთქვა:
– ბატონო ჩემო, ჩემი აზრით, ყასაბისაგან, შესანიშნავი მენუეტისათვის, მადლიერების გრძნობის ყველაზე საუკეთესო გამოხატულება შეიძლება იყოს მხოლოდ მისი ყველაზე საუკეთესო ხარი.
მას შემდეგ ამ დო-მაჟორის მენუეტს “ხარის მენუეტი” ეწოდება.