დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან, რომლებმაც შესარჩევი ეტაპი გადალახეს.
თორმეტი კანდიდატიდან, რამდენიმე ბათუმში ჩავიდა დეპუტატებთან გასაუბრებაზე, ნაწილი – სკაიპით ჩაერთო. ზვიად დევდარიანმა და ნინია კაკაბაძემ ვერ მოახერხეს სკაიპით ჩართვა, ზაზა შათირიშვილმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში.
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ია მამალაძე მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა რამდენიმე კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
_ ეს იყო პირველი შემთხვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის ისტორიაში, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაინტერესდნენ კონკურსის ყველა მონაწილის კონცეპტუალური ხედვებით და მოსაზრებებით. ეს ლოგიკურიცაა, რადგან, სამეურვეო საბჭოს მოვალეობებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტირების საკითხი, პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრაში თანამონაწილეობა და ანგარიშგება შედის. ეს ლოგიკური ნაბიჯი პირველად მხოლოდ ამ მოწვევის უმაღლესმა საბჭომ გადადგა.
ბევრი საუბრობს, რომ ისევე როგორც სხვა კვოტების შემთხვევაში, აჭარის უმაღლეს საბჭოს წინასწარ ჰყავს შერჩეული წარსადგენი კანდიდატი; თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო შეხვედრაზე დასმული კვალიფიციური შეკითხვები, რომლის ძირითადი ნაწილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ურთიერთობებს შეეხება.
ვფიქრობ, ეს საკითხი ჯერ საკანონმდებლო, შემდგომ კი პრაქტიკული საქმიანობით უნდა დარეგულირდეს.
რადგან ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა, იმედს ვიტოვებ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ, აქამდე არსებული მახინჯი პრაქტიკის “გარღვევასაც“ მოახერხებენ და კანდიდატებს საკუთარი შეხედულებით (და არა “ზემოდან“ ნაბრძანები), პროფესიონალიზმის და მიუკერძოებლობის კრიტერიუმით შეარჩევენ, – ამბობს ია მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ისევე როგორც სახალხო დამცველსა და კვოტის მფლობელ სხვა ორ სუბიექტს, ერთ ვაკანტურ ადგილზე მაქსიმუმ, სამი კანდიდატის წარდგენა შეუძლია საქართველოს პარლამენტისთვის.
ამავე თემაზე: კომისიის 9 წევრის 9 ხმა ია მამალაძეს და ნინია კაკაბაძეს