სამხედრო ჟურნალისტის, უჩა აბაშიძის დედა, ლია თოდუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის სახლიდან ამოღებული იარაღებიდან, რისი ამსახველი ვიდეოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ძირითადად, სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია.
როგორც თოდუა ამბობს, ფოტოზე მხოლოდ ორი ნამდვილი იარაღია და ორივე აბაშიძის სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული.
“უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია – იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე – უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული,” – წერს თოდუა.
მანამდე კი იურისტი გიორგი მშვენიერაძეც ამბობდა, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში Airsoft-ის სათამაშო იარაღები ჩანდა.
ინფორმაციითვის, სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელი და ბლოგერი უჩა აბაშიძე შსს-მ გუშინ, 9 მაისს, დააკავა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
დაკავებამდე აბაშიძის სახლთან პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობა იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა ადვოკატიც, რომელსაც ბინაში შესვლისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მისი ინფორმაციით, ჩხრეკა უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. სამართალდამცველები შევიდნენ უჩა აბაშიძის ცოლის, მარიამ იაშვილის სახლშიც. ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც უჩა აბაშიძის სახლიდან იქ გადაინაცვლეს და გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.