ვაზიანში, დევნილთათვის განკუთვნილ რეაბილიტირებულ კორპუსში მოქალაქეების ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა.
ვაზიანში არსებულ შენობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ რეაბილიტაცია ჩაუტარა და წლის ბოლოს ამ კორპუსში 40 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, კორპუსს გარკვეული ხარვეზები აღენიშნებოდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დომინანტ კონსტრაქშენი“ დამატებით სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება, შიდა რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. სამუშაოები 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა მოქალაქეების მიერ შენობის უკანონოდ დაკავება ამ პროცესს აფერხებს.
დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიმართავს ამ მოქალაქეებს, ნებაყოფლობით დატოვონ უკანონოდ დაკავებული ბინები, რადგან კორპუსი აშენებულია დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი ფართის მიღებას წლების განმავლობაში ელოდებიან.
ეს არ არის შეჭრის პირველი შემთხვევა, რადგან თაღლითურ ჯგუფებს შეცდომაში შეჰყავთ სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები და უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებაში დახმარებას ჰპირდებიან.
სწორედ ამიტომ, სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, რომ კორპუსი აშენებულია კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის და აღნიშნული ბინები, კრიტერიუმების შესაბამისად, ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს უნდა გადაეცეთ. სამინისტრო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ მოქალაქეებს, არ დაუჯერონ თაღლითურ შეთავაზებებს და დაუყონებლივ დატოვონ შენობა. (R)