სამწუხაროა, რომ დროებით იძულებულნი ვართ, საზოგადოების ყურადღება სამედიცინო ვირუსიდან პოლიტიკური ვირუსისკენ მივაპყროთ, _ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“დღეს საზოგადოების მთავარი ინტერესი, სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა. ხელისუფლება განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო, ეკონომიკური და სოციალური ზიანი მაქსიმალურად აარიდოს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს. სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ კი, შემოდგომაზე პოლიტიკურ ვირუსსაც ასეთივე წარმატებით დავამარცხებთ. ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოში პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისკენ და ევროპული ტიპის, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.