შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ რეგიონში გვყავს ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი, უკრაინა და საქართველო. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაზე რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერებას. ალიანსმა ასევე გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და ბოლო რამდენიმე დღეში შავ ზღვაში სამი ამერიკული სამხედრო ხომალდი განთავსდა.
ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში მხოლოდ ერთი ქვეყანა, რუსეთი არ დომინირებს,“– აღნიშნა სტოლტენბერგმა.