,,რუსეთი, სავარაუდოდ, ბელარუსის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდა.“ ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და ბელარუსს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ბელარუსის რეჟიმს, რუსეთთან კოორდინაციის გარეშე მსგავსის რამის გაკეთება შეეძლო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
26 მაისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება და ჟურნალისტი რომან პროტასევიჩის დაკავება დაგმო.
ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებმა და მათი მოკავშირე ქვეყნების ავიაკომპანიებმა ბელარუსი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი განაცხადა, ასევე აეკრძალა ბელარუსის ავიახაზებს აღნიშნული წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა.