ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს. მან ამის შესახებ გამოცემა BILD-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონში ნატოს ძალების კონცენტრაცია არ შეინიშნება.
,,ჩვენ პატივს ვცემთ ბელარუსის ტერიტორიულ მთლიანობას, ბელარუსი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. არავის, მათ შორის რუსეთს, იქ მიმდინარე მოვლენებში ჩარევის უფლება არ აქვს.
რეგიონში ნატოს ძალების კონცენტრაცია არ შეინიშნება. რეჟიმმა არ უნდა გამოიყენოს ეს, როგორც მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის საბაბი. ეს მიუღებელა.
მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, _ განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო.
საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.