მაუწყებლისთვის „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების აკრძალვა
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების ერთი პროექტით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალებათ. აკრძალვა არ შეეხება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას. აკრძალული იქნება „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. კანონის პროექტის მიხედვით, „უცხოურ ძალად“ ჩაითვლება:ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
თვითრეგულირების საკითხების კანონით დარეგულირება, კომუნიკაციების კომისიის როლის ზრდა და ჯარიმები
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მეორე პროექტით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა ეძლევა.ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. მოქმედი კანონით კი, მაუწყებლებს დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჰქონდათ და სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ განხილვაზე უარს იტყოდნენ.დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონის იმ მუხლებს შეეხება, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას; სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას; ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს; პროგრამულ შეზღუდვებს; საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. მაგალითად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის ახალი რედაქციით, რომელიც სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება:
- დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
- საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მუხლის დამატებით კი, მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა ჰქონდეს, „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით“. თანხმობის მიღება, როგორც უფლებამოსილი პირის, ისე ადგილზე იმ მყოფი პირებისაგან, რომელთა გადაღებაც ხდება, სავალდებულო იქნება მაგალითად, სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად. „სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია“. საკანონმდებლო ცვლილებებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს დაემატება 54(2) მუხლიც, რომელიც მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემას შეეხება:
- ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია.
- მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამ მუხლებით [52, 54, 54(1) , 54(2) , 55(2) , 55(3) , 56, 56(1) , 56(2) , 56(4)] გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის გარდა კომისიის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას“.
იერიში კრიტიკულ მედიაზე
- დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” მთავრობისთვის საერთაშორისო პროგრამების შეჩერებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქართული მედიის მხარდაჭერაზე საუბრობს, მსგავსი ნორმების შემოღების შედეგად დამოუკიდებელი მედია ვეღარც ფინანსურ და ვეღარც სხვა ტიპის დახმარებას მიიღებს. პირველ რიგში, ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე;
- მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები;
- შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს. თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება.
წყარო: მედიაჩეკერი































































