დღეს დილით, მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა გენერალი სახლიდან გამოდიოდა. აფეთქება, სავარაუდოდ, დისტანციური მართვით განხორციელდა.
კირილოვისა და მისი თანაშემწის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა.
„გამოძიების თანახმად, 17 დეკემბერს, დილით მოსკოვში, რიაზანსკის პროსპექტზე, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მდგარ სკუტერში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად, ქ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალები იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 16 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი ეჭვმიტანილად ცნო უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. უკრაინის გამოძიების თანახმად, მან პირადად გასცა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება.
წყარო: მთავარი არხი