„ერთად შევაჩეროთ ჰესომანია და საქართველოს მასობრივი დატბორვა-განადგურება“,_ ამ მოწოდებით თბილისში დღეს გამაფრთხილებელი აქცია იმართება.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანანა საღლიანმა, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და ხელისუფლებას მიმართა.
„მამუკა ბახტაძევ, ბატონო ჩემო, ორი დღის წინ, რომ ბრძანდებოდით სვანეთში და მთელი ზარზეიმით შეგხვდათ იქაური წარმომადგენლობა, რომლებიც თქვენს აზრს იზიარებს, იქნებ იმ ხალხსაც შეხვედროდით, ვისაც გული სტკივა და თქვენი ძალადობის შედეგად არის სულში ჩაფურთხებული. თქვენ არ ხართ ხალხის ხელისუფლება. თქვენ, რომ ხალხის ხელისუფლება იყოთ ხალხის გმინვას მოუსმენდით.
ჩვენ რა, არ ვართ ადამიანები? რატომ არ იცავთ ჩვენს უფლებებს. არაერთი დოკუმენტი შემოვიდა იმ მოთხოვნით, რომ შეწყდეს სვანეთის გავერანება გაჩანაგება. მაშ, სად არის იმ ადამიანების უფლებები. რატომ გვიქსევთ სპეცდანიშნულების რაზმებს, რატომ გყავთ ჩაყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა უარყოფით საქმეებში, ათასი უბედურება ხდება ქვეყანაში და ჯობს იმ საქმეებს მოუარონ, ვიდრე ჩვენთან მოგყავთ დასაშინებლად. არ შევშინდებით და არ დავთმობთ არცერთ გოჯს. გამობრძანდით და გაეცით ხალხს პასუხი, აშენებული ელექტროსადგურებიდან რამდენი მუშაობს“,_თქვა აქციის მონაწილემ.
ცნობისთვის, თბილისში აქცია „იბიარდის“ კონფერენციის პარალელურად იმართება.